ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმოამდგენლებმა შესაბამისი განცხადება, დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა აბაშიძის განცხადებით, 5 ივნისს 17:00 საათზე, მოსამართლე ივანე ღლონტი სრულად დაეთანხმა მათ საფრთხის არსებობაში და განჩინებაში მიუთითა, რომ: „სასამართლო მიიჩნევს, იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება, შეექმნას საფრთხე. ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის თავად პანსიონში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა“.
ანა აბაშიძის განმარტებითვე, ეს ნიშნავს, იმას რომ ახლა „დაუყოვნებლივ, ხელშეშლის გარეშე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა“ და გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
PHR-მა 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყოვნებლივ ყველა ბავშვის გამოყვანა.