საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, იგა ზაალიშვილი დაინიშნა.
„საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია ხორციელდება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისა და სამსახურის გაძლიერებისთვის. სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე იგა ზაალიშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება“ – აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე იგა ზაალიშვილს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2006 – 2008 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში, 2008 – 2010 წლებში თბილისის მერიის საქალაქო სტრუქტურებში, 2011 – 2012 წლებში – ენერგეტიკის სამინისტროში. 2012 წლიდან დღემდე საქმიანობდა კერძო სექტორში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე განათლებით იურისტია. დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.