როგორც ცნობილია, პირბადის ტარება ღია სივცეშიც სავალდებულო გახდა, რის შესახებაც გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. რეგულაციას ვინც არ დაემორჩილება, დაწესებულია სანქციაც _ ჯარიმა 20 ლარის ოდენობით.
„გურია ნიუსი“ დილიდან ოზურგეთის ქუჩებს, ბაზარს და სხვა ღია სივრცეებს ეწვია. დავაკვირდით მოქალაქეთა ნაკადების მოძრაობას, უკეთიათ თუ არა ნიღბები და ზოგადად, არიან თუ არ ინფორმირებული, რომ პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა.
მოქალაქეთა უმრავლესობა პირბადით დადის, თუმცა თითქმის ყველა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ღია სივრცეში პირბადით უწევთ სიარული.
„საქმე ნახეთ“, „სხვა რამეს მიხედეთ, ის სჯობს“, „მომშორდი, ადამიანო, პირბადე და ყურების დაგძელება მინდა? ისეც ლავაშებივით გამომყვა დაბადებიდან“ _ ასეთი რეპლიკებით, ზოგიც ბუზღუნით, ზოგიც გურული იუმორით გვცემს პასუხს კითხვაზე: „რატომ არ გიკეთიათ პირბადე“ და ვინაობის დასახელება არავის არ სურს.
სალომე ლომჯარია, ოზურგეთელი მოქალაქე: ადამიანებს მაინც უჭირთ იმის გათავისება, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ, როგორც საკუთარი, ისე სხვათა ჯანმრთელობისთვის. შეაყარე კედელს ცერცვი. ბევრს უკეთია, მაგრამ ხომ გაგიგიათ: „ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო“, ზუსტად ისეა. იმიტომაც მოედო ქვეყანას, გურიას განსაკუთრებით კორონა. ცოტა უფრო უნდა გამკაცრდეს მიდგომა. აწი სეზონური გრიპიც შემოგვიტევს და სულ აირევა ყველაფერი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ დღეს არ შეგვიმჩნევია, ვინმე აკონტროლებდეს, ვინ დადის და ვინ არა პირბადით ღია სივრცეში.