„ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს შეეხება.
ხაზარაძე ღარიბაშვილს „პირწავარდნილ კორუმპირებულს“, „ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდს“ და „ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორს“ უწოდებს.
„თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემი უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი – სხვანაირი ქვეყანა“, – დაწერა მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე.
ასევე აღნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი რამდენიმე წლის წინ „რუსულმა ოცნებამ ვერაგული განზრახვით დაბლოკა“, რადგან პუტინს არ სურდა პორტი დასავლურ კომპანიებს აეშენებინათ და სწორედ ამიტომ აძლევენ პროექტს ჩინურ კომპანიას, “რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში”.
„გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს“, – წერს მამუკა ხაზარაძე.