პირველადი მონაცემებით, ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა. მან “ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგი სიორიძეს 118 ხმით მოუგო. გადამწყვეტი ისევ ნასაკირალის უბნის ხმები აღმოჩნდა.
შედეგბზე კომენტარი ჯაერ არ გაუკეთებიათ “ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში მხოლოდ ის თქვეს, რომ ნასაკირალის 59-ე უბნის ბათილობას მოითხოვენ.
“კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ჩვენი ინფორმაციით, დაბა ნასაკირალში, 59-ე უბანზე ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს, კერძოდ, კომისიის წევრებზე ძალადობას გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, ბიულეტენების გაბათილებასთან დაკავშირებით. ასევე, დღის განმავლობაში გახორციელდა შენობაში არაუფლებამოსილი პირების უკანონო შეჭრა, რაზეც დილიდანვე დაიწერა საჩივრები. მოვითხოვთ უბნის გაბათილებას და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას. ამ დარღვევებს ჩვენ აუცილებლად სამართლებრივად მივყვებით ბოლომდე, – განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
შარაშენიძის შტაბში ამბობენ, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და “ქართულ ოცნებას“ წაგების აღიარება არ უნდა. მისი მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ და საოლქო კომისიის შენობასთან შუშხუნებიც გაისროლეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სიორიძემ ხმების 49,89%, ხოლო შარაშენიძემ – 50,11%. შარაშენიძემ, წინასწარი მონაცემებით, 79 ხმით მოიგო.