სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემები ცნობილია – გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაზა ყურაშვილმა მოიპოვა. მან ხმების 96,68% ანუ 962 ხმა აიღო. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, პარტია” სოციალური სამართლიანობისთვის“-მამუკა ტუსკაძემ, მან ხმათა მხოლოდ 3,32% ანუ 33 ხმა მიიღო.
„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა. სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა შესაძლებლობა, კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი წინასწარი შედეგები. ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბიმისი პროცედურების განხორციელების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა. ამონაწერის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 021 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია. ხმების 3,32% – 33 ხმა მიიღო „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ. ხმების 96,68% – 962 ხმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა მიიღო“,- აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ჩატარდა. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს,პირადი განცხადების საფუძელზე შეუწყდა.
ავტორი