ექსპერიმენტული პრეპარატი “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს – განაცხადა დღეს ექიმმა ენტონი ფაუჩიმ. ის შეერთებულ შტატებში ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.
თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა. “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს” – ამბობს ექიმი ფაუჩი.
კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ასობით ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. რანდომიზებულ (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ) კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც “რემდესივირით” უმკურნალეს, 11 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო მისცეს.
კომპანია “გილეადის” მიერ წარმოებული “რემდესივირი” პაციენტებში ვენიდან შეჰყავთ. პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.
წყარო: ამერიკის ხმა