მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, მიწის რეგისტრაციის თემას, გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ ეხმაურება. პირველი ივლისიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მესაკუთრეებს, მიწის გადასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში, უსასყიდლოდ დაეხმარება. პროცედურებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბოხაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ისაუბრა.
„საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენის შემდეგ, მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზს და ყველა საჭირო ინფორმაციას, რეგისტრატორი თავად გამოითხოვს. მთლიანად ეს პროცესი – დოკუმენტების შეგროვება, დოკუმენტების სისტემატიზაცია, საჭიროების შემთხვევაში საქმის გაგზავნა აღიარების კომისიაში ან სანოტარო მედიაციის ჩანიშვნა, ფაქტების კონსტატაცია და მთელი რიგი სხვა მოქმედებები, მოქალაქისთვის არის სრულიად უსასყიდლო“, – აცხადებს ვახტან ბოხაშვილი.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მომავალი თვიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიწყება. ცნობისთვის: რეფორმის დაწყებიდან დღემდე, მილიონ 21 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთია აღრიცხული, მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოში დამატებით მილიონ 165 ათასი ჰექტარი მიწა უნდა დარეგისტრირდეს.
პოტენციურ მესაკუთრეებს მიწის დარეგისტრირება ორი: სპორადული და სისტემური რეგისტრაციის გზით შეუძლიათ. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის აღრიცხვა დაინტერესებული პირების განცხადებისა და მისი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. სისტემური რეგისტრაციისას კი ყველა საჭირო პროცედურას საჯარო რეესტრი თავად უზრუნველყოფს. სისტემური რეგისტრაციის დროს თუ რომელიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიძებნა, საჯარო რეესტრი 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლებაზე გარკვეული პირობებით აღიარებს.