პირველი სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
,,მქონდა შეხვედრა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდის პერსონალთან. პირველ რიგში, ფრონტზე ჩვენი მოქმედებების შესახებ ვისაუბრეთ. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის დროს, ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლება. დღეს ამ მიმართულებით მოძრაობა გაგრძელდა და ახალი შედეგებიც გვაქვს. ჯამში, პირველი სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მადლიერი ვარ ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის.“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალები იზიუმის ჩრდილოეთით, რუსეთის თავდაცვითი პოზიციებისკენ 50 კილომეტრით დაწინაურდნენ. ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ხარკოვის ოლქში ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც ჯარისკაცების ვიდეომიმართვა საკუთარ ტელეგრამ–არხზე გამოაქვეყნა.
ავტორი