რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა, ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა.
კონგრესმენმა ივანიშვილი ტელესერიალ – “სეზამის ქუჩის” მარიონეტ თოჯინას შეადარა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ საქართველოს რესურსებს აკონტროლებს.
პიტერ ოლსონმა, კონგრესმენებს საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილი უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა,
“ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს [ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან] და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. კომპანიამ ტეხასიდან შექმნა შესანიშნავი სამუშაო ადგილები ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ მათ არ წაართვა აღჭურვილობა. ახლა ისინი იქ საერთოდ ვერ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს.
რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი, კიდევ უფრო მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. დროა, გამოვფხიზლდეთ. ეს ფოტო აჩვენებს, რომ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში მხარდაჭერა სჭირდება. შემომიერთდით, ავიმაღლოთ ჩვენი ხმა საქართველოში თავისუფლებისთვის”, – განაცხადა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.