გავრცელებულია აზრი, რომ ჯგუფი „The Beatles”-ის დაშლის მთავარი დამნაშავე ჯონ ლენონის იაპონელი მეუღლე იოკო ონო ბრძანდება. მძიმე ხასიათის მქონე აზიელმა ლენონი დაარწმუნა, რომ ის ჯგუფის დანარჩენ მუსიკოსებზე ერთი თავით მაღლა იდგა.
პირველობისთვის ბრძოლა ბრიტანული ჯგუფის საბოლოო დაშლით დასრულდა. იმ დღიდან იოკო ონო ნახევარი მსოფლიოსთვის საძულველ პიროვნებად გადაიქცა.
ცოტა ხნის წინ სერ პოლ მაკარტნიმ გამოცემა „The Guardian”-ის ჟურნალისტს დევიდ ფროსტს ინტერვიუ მისცა. მუსიკოსის მტკიცებით, იაპონელ ქალბატონს ჯგუფის დაშლაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.
„იოკო ონო დამნაშავე არ გახლავთ. „The Beatles”-ში განხეთქილება მის გარეშე ჩამოვარდა. ჯონს იოკო ჩაწერებზე მუდმივად დაყავდა და ჩვენ ეს ფაქტი გვაღიზიანებდა, მაგრამ იაპონელს ჩვენს ურთიერთობებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
ჯგუფის დაშლის მთავარი დამნაშავე ალენ კლაინია, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ მთავარი მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი შეცვალა.
იოკო ონოს მიმართ დადებითი აზრის არ ვიყავით, მაგრამ ამ ქალს ჯგუფში განხეთქილება არ შემოუტანია.“ – განაცხადა პოლ მაკარტნიმ.