მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, გამოცემა Politico-სთან საუბარში არ გამორიცხა, რომ მოლდოვამ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი შეიცვალოს და სამხედრო ალიანში გაწევრიანდეს.
ჟურნალისტმა სანდუს NATO-ში პოტენციურ გაწევრიანებაზე ჰკითხა, რაზეც მოლდოვის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ განიხილავს თავის მომავალ ნაბიჯებს და იმას, საჭირო იქნება თუ არა ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები.
”ახლა სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ჩვენი შესაძლებლობების შესახებ, დავიცვათ საკუთარი თავი, შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება ჩვენ თვითონ, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ რაღაც მომენტში მივალთ დასკვნამდე, როგორც ერმა, რომ ჩვენ გვჭირდება ნეიტრალიტეტის შეცვლა, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით,“ – თქვა სანდუმ.
გამოცემა წერს, რომ სანდუ ფრთხილად უნდა იყოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც უკვე ცდილობს მოლდოვის პრო-ევროკავშირის მთავრობის დესტაბილიზაციას. რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა მოლდოვა დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
მაია სანდუს თქმით, მოლდოვის მიერ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდით, ან სხვა მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება პროვოკაცია არაა.
“მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა. მას არ დაუწყია ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა მოსახლეობის ნაწილი დაერწმუნებინა, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ არ ჩადო ინვესტიცია თავდაცვის სექტორში, რომ არაფერი უნდა გააკეთო და რომ არ უნდა გქონდეს თავდაცვის შესაძლებლობები, რაც არასწორია”, – თქვა სანდუმ.
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა NATO-ს წევრი ქვეყანა არაა, ის ალიანსთან თანამშრომლობს და წვლილი შეაქვს NATO ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალებში კოსოვოში.
ავტორი