მედია განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მზარდ პოპულიზმთან ერთად გენდერული და ლგბტქი იდენტობის თემებზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ბოლო წლებში არა მხოლოდ უფლებრივ პრობლემად, არამედ პოლიტიკურ გამოწვევადაც იქცა. “დამაზიანებელი ინფორმაცია, რომელიც მგრძნობიარე თემებზე პედალირებით საზოგადოების დაპირისპირებას, მის ღირებულებებსა და პოლიტიკურ სისტემებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და ხშირად უცხო ქვეყნის საინფორმაციო ჩარევებს, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას უკავშირდება. ანტილიბერალურ დისკურსთან ერთად სახეზეა პოლიტიკური ოპენენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიზანმი მართული დისკრედიტაციის კამპანიები, რომელთა უკან ანონიმური და მავნე აქტორები დგანან.
წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში ანტიგენდერული და ანტილიბერალური დისკურსის, ასევე იმ მთავარი აქტორების შესწავლა, ვინც იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების საფრთხეების კონტექსტში კონვერტირებას ცდილობს, რათა ამ თემებზე საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მოახდინოს.
ანგარიშის I ნაწილი სექსისტური სიძულვილის ენის/გენდერული სტერეოტიპიზაციისა და ჰომოფობიის რაოდენობრივ მონაცემებს და ტერმინოლოგიას მიმოიხილავს, რომელსაც მეორე ნაწილში ამავე ინდიკატორების საფუძველზე თვისებრივი ანალიზი მოსდევს. III ნაწილი იდენტობის, ღირებულებების, ოჯახის ინსტიტუტისა და ბავშვების დაცვის მოტივით საზოგადოების მობილიზების მიზნით გავრცელებულ მთავარ გზავნილებს მიმოიხილავს. IV თავში ის კანონმდებლობაა მიმოხილული, რომლის რევიზიას ან ინიცირებას ანტილიბერალური ჯფუფები ადვოკატირებენ. ანგარიშის V ნაწილი უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას (FIMI), ასევე გენდერულ დეზინფორმაციასა და მონიტორინგის პროცესში გამოვლენ ცალკეულ მაგალითებს აერთიანებს. დასკვნით ნაწილში კი მოცემულია ინფორმაცია მთავარი აქტორების შესახებ, ვინც სექსისტურ ენას და ჰომოფობიას, ანტილიბერალურ განწყობებს ყველაზე მეტად ახალისებდა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, შეურაცხმყოფელი ლექსიკის ადრესატი ყველაზე ბევრჯერ აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გახდა. მის შემდეგ კი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ავტორი