დედაქალაქის საკრებულოსთან, მოძრაობა ,,შეცვალეს” წევრებმა ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ურნის მოტანა სიმბოლურია, მალე ამ ურნაში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები აღმოჩნდება.
„ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“.
აქციის მონაწილეები, ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე დეპუატების საკრებულოდან გარიცხვას და მმართველი პარტიის რიგების დატოვებას ითხოვენ.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკრებულოს თავმჯდომარესთან შესახვედრად , საკრებულოს შენობაში შევიდნენ, თუმცა ისინი მალევე უკან დაბრუნდენ, რადგან, როგორც მათ განაცხადეს გიორგი ტყემალაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს.
ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მართველი პარტიის დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.