ქართველებმა მოლხენაც კარგი ვიცით და ცეკვაშიც თავს არავის დავაჩაგვრინებთ. ყოფილი პარლამენტარი, ბატონი პაატა ქურდოვანიძე ერთხელ შორეულ ვილნიუსში აღმოჩნდა..
„ერთხელ საქართველოს პარლამენტის წევრები ვილნიუსში ვიყავით. საოცარი დახვედრა მოგვიწყეს. ოფიციალური სადილია რაღაც უმაღლეს დონეზე. ვარდებით დამშვენებული მაგიდები, სანთლები.
უცებ ოფიციანტი მიახლოვდება და მაწვდის ლანგრით წერილს. გავხსენი გაკვირვებულმა და ვკითხულობ”
“ბატონო პაატა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ისურვა ქართულის ცეკვა და პარტნიორად დელეგაციამ თქვენ შეგარჩიათ. იმედია, გვასახელებთ. პატივისცემით, გია ბარამიძე.”
ვერ აგიწერთ, რა დამემართა, თან ამ დროს დამკვრელებმა “სულიკო” დასცხეს და შიშისგან ჟრუანტელმა დამიარა. ცხოვრებაში არ მიცეკვია, კაცო!
მოკლედ, სანამ დროა, თავს უნდა ვუშველო. ოფიციანტს ვკითხე, წერილი ვინ გამოგატანათ-მეთქი და ბესო ჯუღელი დამანახა. გვერდით გოგი ლიპარტელიანი ეჯდა. შეწუხებული წამოვხტი და მივადექი.
– ბატონო ბესო, წერილი ვინ გადმოგცათ?! – ისეთი გაბრაზებული თვალით შემომხედა, სისხლი გამეყინა.
– არ იცი, რომ ფეხზე წამოდგომა არ შეიძლება, ეტიკეტს არღვევ!
– წერილი, ბატონო ბესო, – ხმა ამიკანკალდა, – ცეკვა არ ვიცი.
– მე რა ვიცი, ბარამიძეს ჰკითხე.
მივედი ბარამიძესთან და წერილი გავუწოდე. დაიწყო გაოცებულმა კითხვა და უკნიდან ხარხარი მესმის. გავიხედე და ჯუღელს ცრემლები ჩამოსდის ღაპაღუპით. დავიბენი, შოკში ვარ, ვერ ვხვდები, რა ხდება. დავიკავე ჩემი ადგილი, გვერდით თამაზ ხიდაშელი მეჯდა და გადმომილაპარაკა.
– პაატა, ნუ ცდები, შეიძლება სალომემ მართლა გამოგიცეკვოს და მაგიდის ქვეშ ფეხები იქნიე გასავარჯიშებლად.
აბა, ატყდა სიცილი! ვკვდები, ვიგუდები, მაგიდას თავს ვურტყამ! არ მახსოვს, ამდენი მეცინოს, ვკიოდი! შემდეგ აივანზე გავედით, ერთმანეთს ვასკდებით და მალე პრეზიდენტის ხარხარიც შემოგვიერთდა.
დავბრუნდით თბილისში, პარლამენტში მივდივარ და კედელზე გაკრული განცხადება მხვდება:
„სუხიშვილების ანსამბლი ეძებს მოცეკვავეებს და ვისაც სურვილი გაქვთ, ჩაეწერეთ პაატა ქურდოვანიძესთან”.
მართლაც რომ საამაყო პარლამენტარები გვყავს, სიცილიც კარგი იციან და ადამიანის გამასხარავებაც. რაც მთავარია, „მსხვერპლიც” კმაყოფილია და ხარხარში გამშაყირებლებს ტოლს არ უდებს.