დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო.
კითხვით _ თანამდებობის დატოვება ხომ არ უკავშირდება ოპოზიციის ბრალდებებს დეპარტამენტში შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით? _ ,,გურია ნიუსმა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი სეთურიძეს მიმართა.
როგორც გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, ხოლო, რაც შეეხება შესაძლო კორუფციულ გარიგებებს, როგორც სეთურიძე გვეუბნება, გზების დეპარტამენტში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის დონე დღეს ყველაზე მაღალია.
,,ახალი მინისტრის მოსვლისთანავე მივიღე გადაწყვეტილება საშუალება მივცე გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რომ საკუთარი საკადრო პოლიტიკა გაატაროს. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა და ახალ ხელმძღვანელს ვთხოვე, ჩემი გათავისუფლების თაობაზე პრემიერთან ეშუამდგომლა. ეს იყო ჩვენი საკმაოდ კონსტრუქციული საუბრის შედეგი და მინდა გითხრათ, რომ არაფერი დრამატული აქ არ არის.
ვამბობდი და ვიმეორებ, გზების დეპარტამენტში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის დონე დღეს ისე მაღალია, როგორც არასდროს. შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველა გუნდს მოსდის და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ ცილისწამებაზე და ტყუილებზე, რომლის უკან პოლიტიკური ძალა დგას. ყველა უნდა იყოს მზად, მათ შორის, ახალი მინისტრი და ჩემი შემცვლელი ამ კრიტიკისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ იმ საკამოდ ძლიერ პლათფორმას, რომელიც ჩვენმა გუნდმა შექმნა, დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი სწორად გამოიყენებს, ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ვფიქრობ, ჩვენზე გაცილებით ეფექტური იქნება“, _ უთხრა ,,გურია ნიუსს“ სეთურიძემ.
ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო. ირაკლი ქარსელაძე აქამდე თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა.