ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადადგომას ეხმაურება. როგორც ხუხაშვილი გვეუბნება, ასეთი საკადრო ცვლილებები პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ მოსალოდნელი იყო. ამასთან, ხუხაშვილი ოპოზიციის მიერ წარმართულ დისკუსიას კვირიკაშვილის კადრების წმენდასთან დაკავშირებით პოლიტიზირებულს უწოდებს.
,,როდესაც პრემიერმინისტრი მიდის, ასეთი დიდი საკადრო ცვლილებები ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ახალ პრემიერს უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ ისეთი გუნდი მოიყვანოს, რომელთან ერთადაც მუშაობა უფრო მოსახერხებელი იქნება. პატარაძე, შეიძლება, ცუდი არ იყო, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში აბსოლუტურად არაფრის მთქმელი, გადღაბნილი, არც ცუდი და არც კარგი ფიგურა იყო. ასეთი ლიდერები, მითუმეტეს ისეთ რეგიონში, როგორიც აჭარაა, დიდი სარგებლის მომტანები არ არიან . ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ისეთი პოლიტიკის გაგებას, თითქოს კვირიკაშვილს საკადრო საკითხებში ჰქონდა იმის კომფორტი, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიეღო. პოლიტიზირებული დისკუსიაა, თითქოს კვირიკაშვილის კადრების წმენდა მიდის“,_ განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც დღეს ცნობილი გახდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პატარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.