შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული მ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის, უკანონო ტარებისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 3 ვაზნა, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „გეგუთის“ გავლით, სომხეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადაზიდვისა და ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთშიც დაკავებულია ერთი პირი. თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ შალაურის ტერიტორიაზე, ე.გ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.