პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად 2 პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, 1 პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1962 წელს დაბადებული რ.დ., 1991 წელს დაბადებული გ.კ. და წალენჯიხის რაიონული საკრებულოს თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული უ. მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1994 წელს დაბადებული რ. კ. კი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.დ. და გ.კ. მიმდინარე წლის 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი გ.ს.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. მათ იცოდნენ მომხდარი მკვლელობის დეტალები, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ბრალდებულს მიმალვაში შეუწყეს ხელი.
უწყების ინფორმაციით, მათი დახმარებით, გ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და ამჟამად ძებნილი ე.მ. წალენჯიხაში ჩავიდა და უ. მ.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში 2 დღის განმავლობაში იმალებოდა. იგი უ. მ.-ს დახმარებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფარულად გადასვლას გეგმავდა.
პოლიციამ რ.დ. და გ.კ. თბილისში, ხოლო უ. მ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წალენჯიხაში დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რ. კ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაუსწრებლად იქნა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ იგი მესტიაში დააკავა. რ. კ. მკვლელობის დროს ე.მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მკვლელობის შემდეგ კი მიიმალა და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.