62 წლის მამაკაცის, სერგო ხასოევის საქმეს, რომელიც სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს, სახალხო დამცველი და “ადამიანის უფლებათა მონიტორინგის” ცენტრი შეისწავლის.
ომბუდსმენის აპარატმა და EMC-მ სერგო ხასოევის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილი, სავარაუდოდ, ძალადობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მოკვლევა უკვე დაიწყეს.
სერგო ხასოევი ამტკიცებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიციელები მასზე სისტემატიურად ძალადობენ, რის მიზეზიც მის მიერ დაწერილი საჩივარი გახდა.
ხასოევი იხსენებს, რომ სამართალდამცავებთან კონტაქტი 2011 წელს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდა, როდესაც ძველ თბილისში, მისი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად ძარცვა მოხდა. ამის შემდეგ მას სამართალდამცავები დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რის გამოც ის დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენებს.
მისივე განცხადებით, ამ ინციდენტის შემდეგ დაწერა საჩივარი აღნიშნული სამართალდაცმავების მხრიდან მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და ის შსს-ს მათ დასჯას სთხოვდა.
ხასოევის თქმით, ამ საჩივრის შემდეგ სამჯერ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად და 7 ივნისს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავებმა მას საჩივრის გატანა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს.
გუშინ კი 62 წლის მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა და მუცელში დანა ჩაირტყა.
მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული, თუმცა არ არის გამორიცხული, ძიება სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტითაც დაინტერესდეს.