შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ქ. თბილისში დააკავეს.
“მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანა, მცენარე კანაფის უკანონო შენახვა, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმაში.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ახმეტაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და ეზოში არსებულ სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 ვაზნა, გამომშრალი “მარიხუანა” და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
პოლიციამ მიმალვაში მყოფი ი.ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. ბრალდებულმა დაკავებისას დანის გამოყენებით სცადა პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანის, მცენარე კანაფის უკანონო შენახვის, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე, 273-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს”,_ ნათქვამია უწყების განცხადებაში.