მარკ ტვენი
მარკ ტვენს, რომლის ნამდვილი სახელი სემუელ კლემენსი იყო, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება 12 წლის ასაკში მოუხდა. მაშინ მან პირველი სამსახური ადგილობრივ გაზეთში იშოვა და მბეჭდავი გახდა. თუმცა, მისი ლიტერატურული კარიერის წინაპირობად თბომავალზე მუშაობის დაწყება გახდა. სწორედ აქ აირჩია საკუთარი ფსევდონიმი მწერალმა, რომელიც მკითხველმა თავდაპირველად იუმორისტული მოთხრობების ავტორად გაიცნო. მოგვიანებით, ავტორმა ამერიკულ ლიტერატურაში ორი მეტად გამორჩეული ნაწარმოები — ტომ სოიერის თავგადასავალი და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი — დაწერა.
ჯეკ ლონდონი
მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი რომანისტი ახალგაზრდობაში მრავალგვარი საქმიანობით იყო დაკავებული. მოზარდობისას იგი ხამანწკებზე ნადირობდა, მერე კი წყნარ ოკეანეში მცურავი გემის ეკიპაჟს შეუერთდა. 1897 წელს იგი კლონდაიკის რეგიონში ოქროს მასობრივი მოპოვების პროცესში ჩაერთო, თუმცა, სიმდიდრე და წარმატება მხოლოდ მაშინ ეწვია, როცა თავისი საქმიანობის გამოცდილება რომანებად და მოთხრობებად აქცია. 1903 წელს მან მან ნაწარმოები წინაპართა ძახილი გამოსცა, რომელიც მაშინვე ბესტსელერი გახდა და ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა.
ხალიდ ჰოსეინი
ჰოსეინი 15 წლის იყო, 1980 წელს ავღანეთიდან აშშ-ში ლტოლვილად რომ ჩავიდა. მაშინ მხოლოდ რამდენიმე ინგლისური სიტყვა იცოდა. მართალია, მწერლობა სურდა, მაინც აუხდენელ ოცნებას ჰგავდა ამბების მოყოლა იმ ენაზე, რომელზეც არ საუბრობდა.
ამიტომ, გადაწყვიტა, უფრო “სერიოზული” პროფესია აერჩია და ექიმი გამხდარიყო. მოგვიანებით კი, როცა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში ინტერნად მუშაობდა, დილაობით, სამსახურში წასვლამდე, ცოტ-ცოტას წერდა კიდეც. საბოლოოდ, ეს ნაწერები მწერლის პირველ რომანად — ფრანით მორბენალი — იქცა, რომელსაც გამოცემისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად. ამის გამო, ჰოსეინმა გადაწყვიტა, წერისთვის მთელი თავისი დრო დაეთმო და მედიცინას თავი 2004 წელს დაანება.
ჯორჯ მარტინი
ლეგენდარული ვესტეროსის შემქმნელი ბავშვობაში კომიქსებით იყო გატაცებული. მარტინს ამბები იმდენად უყვარდა, რომ წერას დიდად არასდროს დაშორებია. იმის მიუხედავად, რომ 1983 წელს გამოცემულმა სადებიუტო რომანმა The Armageddon Rag ავტორს დიდი წარმატება არ მოუტანა, ჯორჯმა The Twilight Zone-ის ახალი ვერსიის სცენარზე იმუშავა, მოგვიანებით კი მზეთუნახავისა და ურჩხულის სატელევიზიო სერიალიც შექმნა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო სატახტოთა თამაშის წერა — წიგნისა, რომელიც შემდგომ საკულტო ფენტეზი საგის პირველ ნაწილად იქცა. მართალია, კომერციული წარმატებით არც ეს წიგნი გამოირჩეოდა, თუმცა, მისმა გაგრძელებებმა, მოგვიანებით კი HBO-ის გახმაურებულმა სერიალმაც მარტინს საყოველთაო აღიარება მოუტანა. დღეს ყინულისა და ცეცხლის სიმღერა მსოფლიოში 90 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.
ტონი მორისონი
როცა ლეგენდარული ტონი მორისონი თავის პირველ წიგნზე, ყველაზე ცისფერი თვალი, მუშაობდა, წერისთვის დროის გამონახვა გამომცემლობაში საქმიანობისა და ორი შვილის გაზრდის პარალელურად უწევდა. როდესაც მწერალი გარდაიცვალა, მაშინ თქვეს, რომ მორისონმა შესანიშნავად წარმოაჩინა, რა “როლს ასრულებენ ქალები საზოგადოების გადარჩენაში” — ამაში ხომ მას სწორედ საკუთარი გამოცდილება დაეხმარა.
სხვათა შორის, გამომცემლობამდე მორისონი აკადემიურ სფეროში მუშაობდა — ჯერ ტეხასის სამხრეთულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოუარდის უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ლექციებს. პედაგოგიურ საქმიანობას პერიოდულად იგი მოგვიანებითაც უბრუნდებოდა, როცა უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი იყო.
კაზუო იშიგურო
იშიგურო 5 წლის ასაკიდან ფორტეპიანოზე უკრავდა, 15 წლის ასაკში კი გიტარაზე შესრულებაც დაიწყო. მომავალი მწერალი თავდაპირველად მუსიკოსობას აპირებდა და პროდიუსერებსაც შეხვდა, მაგრამ, იმათ თურმე “ორ წამში” უთქვამთ, ეს საქმე არ გამოვაო.
მოგვიანებით, იშიგურო უსახლკაროთა თავშესაფარში და სასტუმროშიც მუშაობდა, მაგრამ წარმატებული მაინც წერით გახდა. იშიგუროს სადებიუტო რომანმა, რომელიც მან 27 წლის ასაკში გამოსცა, კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
ავტორი