პორტუგალიის პარლამენტმა ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას cmjornal ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 78 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4 –მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
კანონის თანახმად, ევთანაზიის მოთხოვნას, 18 წლის ზემოთ ასაკის, პორტუგალიის სრულწლოვანი მოქალაქე ან ქვეყანაში ბინადრობის უფლების მქონე პირი შეძლებს. მოთხოვნის გაკეთების უფლება უკურნებელი სენით დაავადებულ და გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, ექიმის საშუალებით შეუძლია.
კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელო დე სოუსა მოაწერს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პრეზიდენტი კანონს ვეტოს არ დაადებს და ხელს მოაწერს, პორტუგალია ევროპაში მეოთხე და მსოფლიოში მეშვიდე ქვეყანა გახდება, სადაც ევთანაზია დაშვებულია.