თავის დროზე, გაჟღერდა, რომ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, 2020 წლის ზაფხული ბოლო შანსი იყო, როდესაც შეძლებდნენ კომპეტენციის დადასტურებას.ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რა ფორმატით ჩატარდება ეს გამოცდები, საუბარი ნაადრევია, თუმცა Etaloni.ge დაინტერესდა, რა ელის იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, ვინც კომპეტენციის დადასტურებას გამოცდაზე გასვლის შემდეგაც ვერ შეძლებს? – ამ კითხვაზე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე პასუხობს.
– იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, ვისაც სურს სტატუსის ამაღლება და არ აქვს განხორციელებული სავალდებულო აქტივობები, ასევე არ აქვს დადასტურებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები, გააჩნიათ ვალდებულება, ამ ზაფხულს ჩააბარონ გამოცდები და გავიდნენ საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდებზე; ხოლო რაც შეეხება, თუ ვერ დაადასტურებენ კომპეტენციას, მინდა ვთქვა – წესით, პრაქტიკოსებს ბოლო შანსები ჰქონდათ 2020 წლის იანვრამდე; მაგრამ დაწესდა ბევრი შეღავათი, გაუხანგრძლივდათ ვადები, სავალდებულო აქტივობა კი დარჩა ვალდებულებად – ესაა ორი გამოცდა. თუ ვერ ჩააბარებენ, მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის მსურველთათვის არსებობს ცალკე ნორმატიული აქტი – თუ როგორ შეუძლიათ მათ დაბრუნება სისტემაში. რა თქმა უნდა, აქაც საგნობრივი კომპეტენეციის დადასტურებაა აუცილებელი და შემდეგ უკვე სხვადასხვა მოთხოვნაა, მათ შორის პროფესიული უნარების ტრენინგ-პროგრამა… ანუ, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, პროფესიაში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ.
– ასეთ შემთხვევაში, ისინი პროფესიაში შემოსვლის მსურველთა შორის გადაინაცვლებენ?
– რა თქმა უნდა, მივდივართ იქამდე, რომ მრავალწლიანი ღვაწლის მიუხედავად, პედაგოგი აღმოჩნდება მასწავლებლობის მაძიებელი, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, მასწავლებელს დაუწესოს გამოცდა კომპეტენციის დადასტურების მიზნით – ესაა საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციები; აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რამდენჯერმე გადაიწია გამოცდების დასრულების ვადებმა, ბუნებრივია, ვეღარ გამოვხატავთ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ მასწავლებელი სისტემაში უნდა შემობრუნდეს კონკრეტული მოთხოვნების მიხედვით და მათ შორის ერთ ერთი უმთავრესია საგნობრივი გამოცდის ჩაბარება.
P.S. ასე რომ, გამოდის, ის პრაქტიკოსი პედაგოგები რომლებიც კომეპტენციას ვერ დაადასტურებენ, მაძიებლებს შორის გადაინაცვლებენ და შესაბამისად, საგნის გამოცდასაც10 კრედიტქულაზე ჩააბარებენ.
წყარო: etaloni.ge