საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდი „GUEPRATTE” შემოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საფრანგეთის ეროვნული ფლოტის დელეგაციას გემის კაპიტანი ჟაკ მალარი ხელმძღვანელობს. ბათუმის პორტში სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კვანტალიანი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და აჭარის მთავრობის წევრები დახვდნენ.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფრანგული ხომალდის კაპიტანი, ჟაკ მალარი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდებიან. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და დაგეგმილი ერთობლივი სწავლებების საკითხებს განიხილავენ.
მათივე განმარტებით, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდზე, ფრანგი მეზღვაურებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების მონაწილეობით, პირველადი სამედიცინო დახმარების, ცეცხლსა და წყალთან ბრძოლის სახომალდე სწავლებები ჩატარდება. საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების და ფრანგული ხომალდის ეკიპაჟები ღია ზღვაში სააბორდაჟო და ძებნა-გადარჩენის ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.
ღონისძიების მიზანს, ორო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას წარმოადგენს.
ხომალდი “ GUEPRATTE ” ბათუმის ნავსადგურს 26 ნოემბერს დატოვებს.