პრემიერმა ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში მდგომი ადამიანებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაავალა.
“ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ზომები მიღებულია. გთხოვთ, განსაკუთრებით ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, საკმაოდ გაუსაძლისი პირობები იყო, მაქსიმალურად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ რიგში მდგომ ადამიანებს. იქ არ არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. უახლოეს პერიოდში მოვაწყობთ. დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემა გადაიჭრება. მანამდე კი, საჭირო სერვისები მიაწოდეთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ ზემო ლარსზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობის გამო, მოქალაქეებს საქართველოში მოსახვედრად ლოდინი რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდათ.
გამშვები პუნქტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, თუმცა ავტომობილების გაზრდილი ნაკადის დროულად გატარება ვერ ხერხდებოდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად, ალტერნატიული მარშრუტებით ისარგებლონ: საქართველოში გაემგზავრონ თვითმფრინავით, აზერბაიჯანის გავლით სახმელეთო ან ბათუმთან დამაკავშირებელი საზღვაო გზით.
ამასთან, განსხვავებული ვითარებაა საზღვარზე ქართული მხრიდან. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მანქანებს ოპერატიულად ატარებენ. შესაბამისად, ლოდინის დრო მინიმალურია.
სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის ივლისში „ყაზბეგის“ გამშვები პუნქტით 185 065-მა მოქალაქემ ისარგებლა.
ამ დროისთვის, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებების გარეშე მუშაობს.