ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცირე სააქტო დარბაზში ადგილობრივ მედიას მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და გურიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გელა ზოიძემ პრესკონფერენციაზე უმასპინძლეს.
ბრიფინგის დასაწყისში მერმა ანტალიაში ვიზიტის დეტალები მიმოიხილა და კმაყოფილება გამოხატა თურქ პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრების გამო.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში ხალხის დასაქმება ყველაზე დიდი პრობლემაა და დიდად ბედნიერი ვიქნები ჩემი მერობის პერიოდში თუ რამდენიმე ათეულ ადამიანს სამუშაოს შოვნაში დავეხმარები. ჩვენი ვიზიტის მთავარი არსიც ეს იყო, რომ რამდენიმე ლანჩხუთელს მიეცეს შანსი სამსახური იშოვოს და ეს უკვე კარგი საქმეა. მართალია პირველ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა ბევრი არ იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ თუ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია, 100-ზე მეტ ადამიანს შეექმნება ახალი სამუშაო ადგილი“, _ აღნიშნა სარიშვილმა.
გურიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ლანჩხუთში 2018 წლის ზაფხულიდან საპროექტო-მოსამზადებელ საცდელ სამუშაოებს აწარმოებენ კომპანიები: ,,სვორდი” და ,,ჯორჯიან ტექნოლოჯი”. გაირკვა, რომ ეს კომპანიები ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ. პირველია სოფლის მეურნეობა. მეორე მიმართულება კი მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური ელექტროაპარატურის, მიკროელექტრონული ხელსაწყოების დამზადებაა.
ზოიძის ინფორმაციით, ლანჩხუთში იგეგმება ქარხნის აშენება 3000 კვ.მ. საწარმოო ფართობზე, სადაც ასამდე ადამიანი უნდა დასაქმდეს. როგორც გაირკვა, ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროში, მერიისა და გუბერნიის მხარდაჭერით განიხილება კომპანია ,,ჯორჯიან ტექნოლოჯის” ინიციატივა 10 ჰექტარ საწარმოო ფართობზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობის შესახებ. ეს რომ ასე მოხდეს, საამისოდ დაინტერესებულმა კომპანიამ 5 წლის განმავლობაში, მინიმუმ, 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და მინიმუმ, 500 სამუშაო ადგილი შექმნას.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, კომპანია ,,ჯორჯიან ტექნოლოჯმა” სწორედ აღნიშნული საკითხის გასახორციელებლად, საკუთარ საწარმოში და თავის პარტნიორებთან შესახვედრად მიიწვია ლანჩხუთის მერი და გურიის სამრეწველო-სავაჭრო პალატის წარმომადგენელი.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ წინასწარ შეთანხმებულ ვადებში თურქული მხარე ეწვევა ლანჩხუთს და გაგრძელდება მოლაპარაკებები.
მერიის მიერ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ძალიან ბევრ საკითხზე გამახვილდა ყურადღება და სამერმისოდ ეს ურთიერთობები ისე თუ განვითარდა, როგორც საუბარია, მაშინ ძალიან კარგი საქმე იქნება ჩვენი რეგიონისთვის. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ ეტაპზე ცოტა ფრთხილად შეიძლება შევაფასოთ სამომავლო პერსპექტივები, რამეთუ ბევრჯერ ყოფილა საუბრები ამა თუ იმ პროექტზე, ინვესტიციებზე, მაგრამ რეალურად გურიის განვითარება ქაღალდზე დარჩენილა.