საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
..ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა – ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.