ნათესაობაზე დღეს ის პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს, რომელმაც ისეთი სასამართლო შექმნა, სადაც მოსამართლემ თქვა, დედა ნათესავი არ არისო, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას მხარს უჭერდა, დღეს მეუბნება, რომ ჩემი მეუღლის ბიძაშვილის ყოფილი ქმარი ჩემი ნათესავია. ამის ტირაჟირება მედიაში ძალიან ინტენსიურად ხდება და მინდა, თქვენი ეთერით საზოგადოებას ვუთხრა – პატივცემულო საზოგადოებავ, შეწყალება ერთ–ერთი ყველაზე სწორად ორგანიზებული სისტემაა და კომისიაში ძალიან წესიერი ადამიანები მუშაობენ.
იქ არავითარი კორუფცია და ნეპოტიზმი არ არის. წესიერი საქმიანობისათვის მათ მადლობა მინდა ვუთხრა. თქვენ კი გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები თქვენთვის უფასოდ მუშაობენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამბობენ, რომ ირაკლი ქორიძე მისი ნათესავია, მაგრამ რეალურად, ის და მისი ყოფილი მეუღლე არასოდეს უნახავს.
„ირაკლი ქორიძის ყოფილი მეუღლე სავარაუდოდ, ძალიან კარგი ქალბატონია, რომელსაც მუდმივად სულ ტყუილად მოიხსენიებენ.
მე მას არ ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გავიცნობ, რადგან ჩემი მეუღლის ბიძაშვილია. ის კონტაქტში იმდენად არ არის, რომ არც კი მინახავს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, შეწყალების სკანდალის პირველი ტალღა დაახლოებით ორი თვის წინ მასზე ოდიოზური თავდასხმით დაიწყო, ამ ეტაპზე კი, მეორე ტალღას ვუყურებთ.
„იყო არარეალური ბრალდებები ოდიოზური აქტორებით და კომიკური, უნიჭო შავი პიარი. ახლა კი, ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით უკვე მეორე ტალღაა. ეს ორივე ტალღა იმიტომ დაიწყო, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატს ვერ აყალიბებს და სანამ საპრეზიდენტო კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდებიან, მანამ რამე ტიპის პოლიტიკური აქტივობაა საჭირო, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ პრეზიდენტზე რაღაც გამოგონილი თავდასხმა მიიტანონ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ჰგონია თუ არა მას, რომ ქართულ პოლიტიკაში პრეზიდენტზე თავდასხმა იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაძლოა, მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამაზე გადაერთოს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნათლად ჩანს, რადგან ამ თემაზე დიდი ხანია საუბრობენ და თემის განხილვას მედიაში არა ერთი თოქშოუ მიეძღვნა.
1tv.ge