„საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე არის ნათქვამი, მოქმედი რედაქციით, „დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.
ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.
100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.
ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება”.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები აირჩიონ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. მისი შეფასებით, ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად.