საკვებ პროდუქტებზე ფასის კლების საკითხი, ქართული პოლიტიკის უკვე სერიოზული ნაწილი გახდა. საინფორმაციო დილა უკვე საკვებ პროდუქტზე ფასის დაწევაზე საუბრით იწყება, თუმცა, რეალური შედეგი ჯერ არ დამდგარა. როგორც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები განმარტავენ, ფასს კლება აპრილიდან დაეტყობა.
ჩვენ აქტიურად მივყვებით პროცესს და, ძირითადად, გურიაში, ოზურგეთში არსებულ სიტუაციაზე ვაკეთებთ აქცენტს. მომხმარებელთა აზრის პარალელურად, ვესაუბრებით ბევრ საშუალო ბიზნესის ანუ ტრადიციული (ასე უწოდებენ საშუალო ბიზნესს) მაღაზიების მფლობელებს, ასევე, ქსელური (მსხვილი ბიზნესი) ბიზნესის წარმომადგენლებს. უმეტესობა ამჯობინებს ვინაობის დაუსახელებლად ისაუბროს.
საქმეს ისეთი პირი ჩანს, როგორც ტრადიციული მაღაზიების მფლობელები თუ ადგილობრივი მომხმარებლები გვეუბნებიან, ადვილად არ მოგვარდება ეს საკითხი და ყველაფერი წყლის ნაყვაა.
“გულწრფელად გეკითხებით, გჯერათ, რომ ფასები დაიკლებს? გჯერათ, რომ ქსელური ობიექტების პრობლემას, რომლებმაც უკვე თითქმის მოახრჩეს ტრადიციული მაღაზიები, ვინმე გაუმკლავდება და მოაგვარებს? ღმერთმაც ქნას, თუმცა, დიდი იმედი არ გვაქვს. ხომ დადიოდით ჩვენს მაღაზიაში ადრე? ხომ გახსოვთ, ეს თაროები და მაცივრები რომ სავსე გვქონდა? აი, ახლა შეხედეთ, რა ხალვათობაა, _ მიგვითითეს ნახევრად ცარიელ თაროებზე, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთი მარკეტის წარმომადგენლებმა, _ ფასები კი არ იკლებს, იმატებს. მალე დავხურავთ, ალბათ, მაღაზიას _ აზრი არ აქვს მუშაობის გაგრძელებას. რატომ ხდება ასე, დიდი მიხვედრა არ სჭირდება. ქსელური მაღაზიები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, გამიზნულად თუ უნებურად, საშუალო ბიზნესს ახრჩობენ. იზრდება ქსელურების რიცხვი და პარალელურად, იზრდება ფასებიც“.
ზოგადად, ასეთი შინაარსისაა სხვა მარკეტებში დასაქმებულთა აზრიც არსებულ ვითარებაზე, თუმცა, ობიექტის მითითებაზე თავს იკავებენ.
დანარჩენ მაღაზიებშიც გულახდილად გვესაუბრნენ მეპატრონეები თუ იქ დასაქმებული ადამიანები, ოღონდ ყველა ამჯობინებს, ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავოს.
“კი არავის ვერიდებით, საშიში რაა?! უბრალოდ, ჯერჯერობით, ცვლილების ნიშანწყალი არაა. პირიქით, გაუარესებულია მდგომარეობა. რა აზრი აქვს ვინაობის დაკონკრეტებას?” _ გვეუბნებიან ისინი.
ოზურგეთის ბაზრის (შპს “სოფლის ნობათი”) ტერიტორიაზე ბევრი ტრადიციული სასურსათო მაღაზიაა. ამ მაღაზიების მფლობელების უმეტესობა ასეთ კომენტარს აკეთებს:
“ხალხი უკვე გვსაყვედურობს, ფასების დაკლებაზეა საუბარი და თქვენთან ეს არ გრძნობა პირიქით, ზოგი პროდუქტი მეტიც ღირსო… ნეტავ, დაიკლებდეს პროდუქტი ფასი _ ჩვენც ეს გვინდა. ჯერ კი მსგავსი არაფერი ხდება და ტყუილს რატომ ვიტყვით?” _ ამბობენ აქ.
თუ ბოლო, 2025 წლის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ საქართველოს მასშტაბით, ბაზრის 60%-ზე მეტი ტრადიციულ მაღაზიებს (საშუალო ბიზნესი) უჭირავს. ხოლო დანარჩენი 40% ქსელური მაღაზიების (მსხვილი ბიზნესი) წილად მოდის. როგორც ჩვენი, ბოლო ერთკვირიანი გამოკითხვის პასუხები გვიჩვენებს, მსხვილი ბიზნესი კლავს საშუალო ბიზნესს, პარალელურად კი, ქსელური მაღაზიების მატებასთან ერთად ,იმატებს ან არ იკლებს ფასები პროდუქტზე!
უცებ ჩნდება შემხვედრი კითხვები _ თუ ეს ასეა, რატომ?
ვეცდებით, ათეულობით გამოკითხული ადამიანის აზრი, ვინც ჩვენს კითხვებს პასუხობდა ამ დღეების განმავლობაში, ყოველგვარი დანაწევრებული ფრაზების გარეშე, ერთად, თავმოყრილად წარმოვადგინოთ. ისინი (საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციული მაღაზიების ერთობლიობას წარმოადგენენ) ძირითადად, ერთნაირად საუბრობენ:
“ვიდრე ფასების დაკლებაზე დაიწყებდეს მთავრობა საუბარს, რასაც მივესალმებით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მკვეთრად გაიმიჯნოს საშუალო (ტრადიციულ) და მსხვილ (ქსელურ) ბიზნესს შორის ურთიერთობა, უფრო სწორად–მოგვარდეს. ძაღლის თავი აქაა დამარხული. დავიწყოთ იმით, რომ მთავრობა როცა ხვდება ბიზნესმენებს, აქ არსად არ ფიგურირებს საშუალო ბიზნესი. შეხვედრაზე კი ამ წარმომადგენელთა წარმდგენი არის დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ასოციაცია, ძირითადად ქსელურების მხარდამჭერი და მათი ინტერესების გამტარებელია. ეს ოფიციალურად არსად წერია, მაგრამ ხომ ვხედავთ, რაც ხდება? ამიტომ, ჩვენი აზრით, მთავრობამ თავად უნდა მოითხოვოს, მათთან ერთად იყოს საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. საქართველოს მთელი ბაზრის სივრცე ხომ ტრადიციულ ობიექტებს უჭირავთ ძირითადად?” _ გვეუბნებიან ისინი.
ჩვენ დავინტერესდით, მაინც რატომ ხდება მსხვილი ბიზნესის მიერ საშუალოს “მოხრჩობა”, როგორც თავად ამბობენ. საზოგადოებაში კი ისინი, უფრო ერთმანეთის მიმართ პარტნიორულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესსახეობები ჰგონიათ.
“ქსელურ მარკეტებს ანუ მსხვილ ბიზნესს დანახარჯი აქვს დიდი. _ასე აჩვენებენ. ე.წ. ქეშბექია ეს. ეს არის ობიექტზე შესვლის თუ თაროზე პროდუქტის განთავსების საფასური თუ ბევრი სხვა რამ. თუმცა, ამ ხარჯის გაღება არ უწევს ტრადიციული მაღაზიების მიმწოდებლებს. თვით ტრადიციულები კი მაინც რჩებიან დაჯარიმებულივით“, _ გვეუბნება ოზურგეთელი ავთანდილ ბერიშვილი.
ფიგურირებს ასეთი აზრი, რომ როცა იმპორტიორებმა დაიწყეს ხარჯების დათვლა, ერთ-ერთ ჩამონათვალში, რისკფაქტორიც იყო ასახული, რაც ზრდის თვითღირებულებას.
რა შედის რისკფაქტორში? ეს არის ვადაგასული პროდუქტის უკან გატანა. ამავდროულად ლარის ინფლაციაც, რადგან მომწოდებელი პროდუქციას დოლარის კურსით ყიდულობს და მერე ლარში ყიდის.
“თუ ამ ორ რისკფაქტორს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მიმწოდებლებმა ვადაგასული პროდუქტის ტრადიციული მაღაზიებიდან გატანა აკრძალეს. ხოლო ქსელურიდან მაინც გადის! რა არის ეს, თუ არა საშუალო ბიზნესის დაჩაგვრა? ეს არაა წვრილმანი და საბოლოოდ ასეთი დამოკიდებულებების გამოა, რომ ხდება მხოლოდ ზრდა ან ერთ ნიშნულზე გაყინვა და არა დაკლება“, _ გვეუბნება ოზურგეთელი მოქალაქე, ერთ-ერთ მარკეტში დასაქმებული ნანა აბაშიძე.
ჩვენი რესპონდენტები (როგორც მომხმარებლები, ისე საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები) საუბრობენ პროდუქტის ფასის მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე, რაც, ერთი შეხედვით, არ ჩანს _ ეს არის ქსელური მარკეტების შეუქცევადი ზრდა! იგი იწვევს პროდუქტზე ფასების ზრდას არსებული ხარჯების გამო. ქსელურების რიცხვი იმატებს და ტრადიციული მარკეტები იკეტება (ვსაუბრობთ ოზურგეთის მაგალითზე).
კითხვებზე, რატომ არსებობს ე.წ. ქეშბეკი ანუ ხარჯები, რომელიც მოკლედ რომ ვთქვათ, არა ერთი მომხმარებლის და ზოგიერთი ტრადიციული ობიექტების წარმომადგენელთა თქმით, ქსელურების გამოგონილია?
“თუ გამოგონილი არაა და ნამდვილად იხარჯება ამდენი ქსელურებში, არ გადანაწილდეს ის ტრადიციულ მაღაზიებზე, რადგან ეს უკანასკნელი არ საჭიროებს ამ ხარჯებს! მსგავსი არ წარმოიქმნება მათ ობიექტებზე და იმიტომ! როცა აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება, ეს გახდის ბაზარს ჯანსაღს და კონკურენტუნარიანს!” _ მსჯელობენ ოზურგეთელი მომხმარებლები, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და ითხოვენ მთავრობისგან, მათი ყურადღება კონცენტრირდეს ამ მოვლენაზე.
“უბრალო კითხვას დავსვამთ _ როცა მთავრობის პირველი პირები ხვდებიან დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციას, იქ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები რატომ არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი? ისინი, რომლებიც პრობლემას იცნობენ? ასეთ შეხვედრაზე დასასწრებად, ვიდრე აღნიშნული ბიზნესასოციაცია შეარჩევს კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლებს (ანუ მხოლოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს) მანამდე იარსებებს ფასების პრობლემა! ასეთ შეხვედრებზე საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები უგულებელყოფილნი არ უნდა იყვნენ. სანამ სამთავრობო შეხვედრებზე მხოლოდ ამ ასოციაციის წარდგენილი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მივლენ, მანამ ფასების დარეგულირება, დაკლება არ მოხერხდება! აღდგომა და ხვალეო…” _ გვეუბნებიან რიგითი ოზურგეთელები ავთო ბერიშვილი, ნიკა ბოიაჯანი, ნონა გოგუაძე და ბევრი სხვა, ვინც ვინაობას კი ან არ ასახელებს.
ჩვენს კითხვებზე, კიდევ თუ იციან რეალური მიზეზები, რაც ფასების დარეგულირებას და დაკლებას აფერხებს, გააკეთონ ჩამონათვალი, რომ არც ერთი არ დარჩეს გაუხმაურებელი, კიდევ მოჰყავთ ასეთი მაგალითები:
“ფასნამატის წარმოქმნის უამრავი მიზეზი არსებობს. ობიექტებზე არ არის ქართული ეტიკეტირება და კიდევ ამიტომაც ხდება დაჯარიმებები. შემომტანს რატომ არ თხოვენ საბაჟოზე, რომ ეტიკეტირება ქართული იყოს? თუ სააკაშვილისდროინდელი კანონის შეცვლა არ ხერხდება? თუ მეწარმის საბაჟოზე დაჯარიმება იმიტომ არ ხდება, რომ მეტი ეფექტი (და ფული) დარჩეს საქართველო მასშტაბით ქსელში ჩაშვებული პროდუქტის გამო ბევრი ობიექტის დაჯარიმების შედეგად?” _ გვეუბნებიან აქ.
“თუ ფიქრობენ იმაზე, რომ სახელმწიფოში არსებობს ფასების მარეგულირებელი კომისია _ სემეკის, გაზის… სოკარ–გაზი ვთქვათ, არის თუ არა კერძო ბიზნესი? ენერგო–პრო არის? ჰოდა, აქ თუ ერევა სახელმწიფო დ ასე თუ ისე არეგულირებს ფასებს, მაშინ კონკრეტულ შემთხვევაში _ ქსელური და ტრადიციული მაღაზიები ანუ ქსელური და საშუალი ბიზნესი, რატომ არის საუბარი იმაზე, რომ ბიზნესი თავისუფალია და სახელმწიფო არ ერევა?”
“ფასები დაიკლებსო და ვუცდით და ვუცდით… კაი, დავუცდით წლის ბოლომდე! მარა მარტივი კითხვა გვაქვს _ გვითხრას ვინმემ ნაბეღლავის ფასი ერთი ლარიდან 1,95 ლარამდე რატომ გაიზარდა? ნიკარაგუიდან მოაქვთ? აგერ, ჩვენს ჩოხატაურში არ მოჩხრიალებს? თუ დაშრობა დაიწყო? აგვიხსნას ვინმემ. იქნებ, პლასტმასის ბოთლები გაუძვირეს უსაშველოდ? აი, ეგაა, წვრილი და საშუალო ბიზნესის მოხრჩობის კიდევ ერთი მაგალითი. ეს ჩვენ თუ ვიცით, ჩვენ თუ ვაკვირდებით და ვხვდებით, დავიჯეროთ მთავრობა ვერ ხვდება?”
“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთდამოკიდებულებასთან: მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ მთავარი ფიგურანტი არაა მსხვილი ბიზნესი და მოსმენას ითხოვს მცირე და საშუალო ბიზნესი!”
ასე მსჯელობენ გურიაში მომხმარებლები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც ახლო მომავალში კვლავ ხშირად შევხვდებით. ეჭვგარეშეა, მათთან შეხვედრა და მოსმენა ყველა დონეზე, მეტად ეფექტური იქნება, ვიდრე, როგორც თავად ამბობენ, მონოპოლიურ თავყრილობებზე მათ გარეშე საუბარი ბევრ საერთო პრობლემაზე, განსაკუთრებით კი, პროდუქტის ფასებთან მიმართებაში.
ავტორი































































