სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ქეთევან მოისწრაფეშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, “Horizon 2020”-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე – Black Sea Connect” პრეზენტაციას დაესწრო.
აღნიშნული პროექტი ეფუძნება შავი ზღვის აუზში კვლევისა და ინოვაციების განხორციელების მიზნით შემუშავებულ „შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგს“, რომელიც ევროკავშირის მიერ არის ინიცირებული. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სალომე კობაიძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა „სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგი“-ს დოკუმენტის საფუძველზე და საქართველოს შესაბამისი ხედვის ფორმულირება. რწმუნებულის მოადგილემ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს პრიორიტეტების განსაზღვრაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
დღის წესრიგის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 4 ძირითადი საფუძველი, რომელთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, შემუშავდეს მთელი რიგი კვლევითი და ინოვაციური ღონისძიებები:
- შავი ზღვის ფუნდამენტური კვლევის გამოწვევებზე რეაგირება –„შავი ზღვის ცოდნის ხიდი”;
- შავი ზღვის ლურჯი ზრდისთვის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება და კლასტერების ჩამოყალიბება – „შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკა“;
- კრიტიკული მხარდაჭერის სისტემებისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურების შექმნა – „ძირითადი ერთობლივი ინფრასტრუქტურა და პოლიტიკის ინსტრუმენტები“;
- განათლება და შესაძლებლობების შექმნა – „გაძლიერებული მოქალაქეები და გაძლიერებული სამუშაო ძალა“. (R)