საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა:
„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს:“,_ აცხადებენ პროკურატურაში.
როგორც დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა:
„ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი საქმის მასალები. აქედან გამომდინარე, შეფასებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. მე ვხედავ, რომ ოჯახი სერიოზულ უკმაყოფილებებს გამოთქვამს გამოძიების მისამართით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა. იმედია, იქ იქნება ადვოკატიც, რომ სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბროთ. სახალხო დამცველსაც აქვს თავისი ლიმიტები, ამიტომ მნიშვნელოვანია შევჯერდეთ, როგორ და რა ფორმით შეიძლება ჩავერთო აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში“.