საქართველოს პროკურატურა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს, ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს”,_ აცხადებს პროკურატურა.
































































