რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ_აღნიშნული ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს.
,,გურია ნიუსი“ ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე წერდა, რომ ყოფილი მინისტრების საქმიანობის შესწავლა პროკურატურაში მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ პროკურატურამ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა.
მთავარი პროკურატურა ყოფილ მინისტრებს სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება.
,,მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“_გვითხრეს მთვარ პროკურატურაში.