ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებას 10 სექტემბერს კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა პასუხობს.
“მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ უკრაინულ მხარესთან გაგზავნილია სამართლებრივი მიმართვები სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან“, – ნათქვამია პროკურატურის განცახდებაში.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების თარიღი გუშინ დაასახელა. ის აცხადებს, რომ პოლონეთიდან კიევში 10 სექტემბერს ჩავა.