საქართველოს პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მდებარე ტყის მასივში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.