საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2.000.000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ.
“გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს.
აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ.
შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7 დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 2 000 000 დოლარის გათეთრება.
გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის მნიშვნელოვან ნაწილს. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იურიდიული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით”,_ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.