საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.
მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
მსურველებს, შეუძლიათ აირჩიონ დუალური ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებით. სწავლების პროცესში ჩართულია 40 -მდე კერძო კომპანია.
შეგახსენებთ, პროფესიული განათლების მიღებისათვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის!
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!
რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია ონლაინ რეგისტრაციის პორტალზე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით. წელს პირველად, დუალურ პროგრამები ხელმისაწვდომი ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც!
ისევე, როგორც წინა წლებში, მიმდინარე საშემოდგომო მიღებაზეც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ ტესტირება გაიარონ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე. ჩარიცხვის შემდეგ ისინი გაივლიან ქართული ენის შემსწავლელ მოდულს.