დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა შედგა, სადაც საკითხების წარმოდგენამდე სიტყვა ითხოვა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ.
მან ფრაქცია „ოზურგეთს მომავლისთვის“ სხდომის დადგენილება წაიკითხა, რომელიც მისივე თქმით, ამავე ფრაქციის სხდომაზე განიხილეს.
_მოგახსენებთ, რომ 25 ივლისს გაიმართა ჩვენი ფრაქციის სხდომა და განვიხილეთ საქართველოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა და ვითხოვთ, გათავისუფლდეს 20 ივნისს უკანონოდ დაკავებული და უსამართლოდ გასამართლებული მომიტინგეები, გადადგეს შსს მინისტრი გახარია. პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას და არ დავესწრებით მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, _ თქვა მგელაძემ და ასევე დამოუკიდებელ დეპუტატ მაია ზოიძესთან ერთად სხდომა დატოვა.
მგელაძის პროტესტს თავისი პროტესტი შეუერთა ნაციონალმა დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა.
_ მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში ოდესმე ამნაირი მძიმე სიტუაცია ყოფილიყოს, _ თქვა თავდიშვილმა.
_მე გაგახსენებ მე, -უთხრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, რაც მერე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გააგრძელეს:
„გვამებს სახურავებზე აწყობდით“, „თქვენი ლიდერები რომ დღემდე დაუსჯელები არიან, იმიტომ ხართ დიდგულზე“, „ხმას როგორ იღებთ“, _ ასე მიმართეს მათ თავდიშვილს.