ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.
„კორუფციის ბუდე“, „იტყუები“, „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები საკრებულოს სხდომაზე.
ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების გაკეთება.