ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ხილის კრეფის დროს ქალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
ახლობლების განცხადებით, გარდაცვალების ფაქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუკი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ქალს საავადმყოფოში დროულად გადაიყვანდა.
გარდაცვლილია 30 წლის ქალი, მას 4 შვილი დარჩა.
ქალის მამა, გელა ბაირამოვი აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი 3 საათის განმავლობაში ხეხილის ბაღში იყო ზეწარგადაფარებული.
,,დროულად რომ გადაეყავანთ საავადმყოფოში, შვილი გადარჩებოდა. ეუბნებოდნენ, გარდაცვლილიაო, მშობლები მოვიდნენ და გადაასვენეთ სახლშიო. როცა მივედი, ვნახე, რომ პულსი ჰქონდა. ჩვენი მიკროავტობუსით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. საავადმყოფოში მოვიყვანეთ, თქვეს – პულსი აღენიშნებაო, მერე გვითხრეს, დაიღუპაო” – ამბობს მამა, გელა ბაირამოვი.
ოჯახის წევრების განცხადებით, სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა ქალი გარდაცვლილად ნაადრევად მიიჩნიეს. მათივე განმარტებით, ქალი ასთმურ შეტევებს უჩიოდა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარება ყოველთვის შედეგს იძლეოდა.
ცხედარს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.
წყარო: qartli.ge