რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “როსია 1-ის” ჟურნალისტ, პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია, პირიქით ომის შეჩერებას ცდილობს. თუმცა იქვე ნანობს, რომ აქტიური მოქმედებები ადრე არ დაიწყო.
“როგორც ვთქვი, ჩვენ ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ჩვენ შევეცადეთ ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით – მინსკის შეთანხმებების დახმარებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა კანცლერმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარეს და პირდაპირ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩვენი ამ შეთანხმებების შესრულებას, უბრალოდ, დროს იგებდნენ, უკრაინის რეჟიმის იარაღით კიდევ უფრო დატუმბვისთვის, რაც მათ წარმატებით გააკეთეს.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვინანოთ, არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები, იმის რწმენით, რომ წესიერ ადამიანებთან გვქონდა საქმე”, – თქვა პუტინმა.