რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „არასასურველად“ მიიჩნევს რუსეთის ტეროტორიაზე მოქმედ ყველა უცხოურ ორგანიზაციას, _ იუწყება www.currenttime.tv.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „არასასურველად“ მიიჩნეოდა მხოლოდ არასამთავრობო, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციები. თუმცა, დუმის დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ გაფართოებულიყო კანონის მოქმედების არეალი და არასასურველად ჩაითვალოს ის ორგანიზაციებიც, რომელთა დამფუძნებლები ან წევრები არიან უცხო ქვეყნის ორგანოები.
„ორგანიზაციები, რომლებიც შექმნილია აშშ-ს, ბრიტანეთის და სხვა, უცხო ქვეყნების მიერ, აწარმოებენ რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს. მათი შეჩერება ქვეყნის უსაფრთხოების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვის საკითხია“, _ განაცხადა რამდენიმე ხნის წინ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის სისხლის და ადმინისტრაციულ კოდექსში _ „არასასურველი“ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით 500 000 რუბლის ოდენობით, ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ამ საქმიანობის ორგანიზებისთვის _ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
#ძალაევროპაშია