რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ (ფედერაციის საბჭო) რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა. შესაბამის დადგენილებას მხარი 153-მა სენატორმა დაუჭირა. ამის შესახებ 24tv წერს.
რუსული სამთავრობო სააგენტო tass წერს, რომ ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშმა განაცხადა, რომ საბჭოს პროფილური კომიტეტები საკონსტიტუციო კანონმდებლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო საკითხებზე რეკომენდაციას უწევენ, რომ პალატამ პრეზიდენტს თანხმობა მისცეს საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე.
„შეთანხმებები უზრუნველყოფს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვას, ქმნის სამართლებრივ საფუძველს ამ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ნაწილების ყოფნისთვის, რომელთა არსებობა აუცილებელია რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – განმარტა კლიშასმა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის დუმამ უკვე ერთხმად მოახდინა პუტინის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.