შინაგან საქმე სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1989 წელს დაბადებული ო. დ. და 1990 წელს დაბადებული ჯ. ქ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თბილისში, სამ თანამზრახველთან ერთად, მოქალაქე ფ.ც.-ს და ვ.მ-ს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით ყაჩაღურად გასტაცეს „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა, ფული, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღური ჯგუფის 2 წევრი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
პოლიცია ბრალდებულების თანამზრახველების დაკავების მიზნით ინტენსიურ სამძებრო-საგამოძიებო და სხვა ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.