“ტრი სიტის” ქვორთერბეკმა ჯო აიუბმა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიგაში თამაშობს, ქაღალდის თვითმფრინავის შორ მანძილზე გაშვებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა ქაღალდის თვითმფრინავის რეკორდულ მანძილზე გაფრენა ოფიციალურად დააფიქსირეს.
კონსტრუქტორ ჯონ კოლინზის მიერ A4 ფორმატის ფურცლითა და წებოვანი ქაღალდით დამზადებული აიუბის თვითმფრინავი 69,1 მეტრზე გაფრინდა, რაც თითქმის ექვსი მეტრით აღემატება სტივენ კრეიგერის მიერ ჯერ კიდევ 2003 წელს დამყარებულ რეკორდს.
ფეხბურთელი აღიარებს, რომ ბავშვობაში ქაღალდის თვითმფრინავების დამზადება მისი საყვარელი საქმიანობა იყო, რასაც მოზრდილ ასაკშიც სიამოვნებით აგრძელებს.
”შეიძლება ვინმემ იფიქროს: ”რა არის ამაში განსაკუთრებული? ეს მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდის თვითმფრინავია”. ვერ გეტყვით, რას ფიქრობენ, მაგრამ მე ვიცი, რომ მსოფლიო რეკორდი დავამყარე და ამით ვამაყობ, – თავმომწონედ ამბობს ჯო აიუბი. – მე და ჯონმა დიდი დრო დავხარჯეთ მიზნის მისაღწევად”.