საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ორ ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები 310 539 ლარის ღირებულების რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების თაობაზე, რა გზითაც საკუთარ კომპანიას შეუქმნეს 47 370 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური გაწერები, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა და გამოიყენა დღგ-ს 18 536 ლარის ყალბი აქტივი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“,_ ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.