პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.
“წარმოდგენილი პროექტით, კანონში ტექნიკური ცვლილება ხორციელდება და ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის დასრულების თარიღი 2025 წლის 1 მარტის ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მიწის მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ ინვენტარიზაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და დღეისათვის ინვენტარიზაცია განხორციელებულია დაახლოებით 6 000 ჰა-ზე, მაგრამ დარჩენილია 11 ათას ჰექტრამდე ფართობი, რომელიც დადგენილ დროში ვერ ესწრება, შესაბამისად, საჭიროა ვადის 2027 წლის 1 იანვრამდე გადაწევა.
ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთი დოკუმენტი წარადგინა განსახილველად.
მისი განმარტებით, პროექტი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო – ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)” N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილში” ითვალისწინებს საქართველოსთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ უკვე არსებული შეთანხმებით პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული 1 მლნ ევროს ნაცვლად 450 ათასი ევროს ჩარიცხვის მოთხოვნას.
„ასევე, წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული თანხის ხარჯვის ვადა 180 დღის ნაცვლად 360 დღემდე გახანგრძლივდეს, რამდენადაც ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროექტი ფაქტობრივად სტარტს იღებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განმახორციელებელი გუნდის დაკომპლექტება და მნიშვნელოვანია, ისე დაიგეგმოს და შესრულდეს აქტივობები, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებები მინიმუმამდე იყოს შემცირებული”, – განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.