ქართული სუფრა არის არაჩვეულებრივად რაციონალური. საახალწლო სუფრაზე დაბალანსებულია კვება, რადგან ამას განაპირობებს საკვები რაციონის მრავალფეროვნება.
ცალკე რომ ავიღოთ ხაჭაპური, ის შეიცავს თეთრ ფქვილს და ჭარბი ცხიმის შემცველ შიგთავსს, თუმცა, სუფრაზე, პრაქტიკულად, ერთ ნაჭერზე მეტს არ მივირთმევთ, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის მისი გადამუშავება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, მით უმეტეს, თუ ვიღებთ სხვა საკვებთან, მაგალითად, ფხალთან და ბოსტნეულთან ერთად.
ბოსტნეულის დიდი ნაწილი არ გადამუშავდება და არ შეიწოვება, რადგან ის შეიცავს ცელულოზას. შესაბამისად, სუფრაზე რაც მეტია ფხალი, ბოსტნეული და არატკბილი ხილი, მით უკეთესია ორგანიზმისთვის. ასევე, სრულიად მისაღებია ნიგოზი, თუ ადამიანს რამე სხვა პრობლემა, მაგალითად, ნაღვლის ბუშტის დაავადებები არ აწუხებს. მჭადი და ღომიც საკმაოდ სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს.
თევზი და ხორცი, თუ ის არ არის ცხიმიანი, ნებისმიერი ფორმით მომზადებული სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ქართული ტრადიციული სუფრა არასოდეს იყო დატვირთული ნახშირწყლებით იმდენად, რამდენადაც მდიდარია ცილებით და უჯრედისის შემცველი პროდუქტებით. დღესდღეობით სრული აღრევა ხდება. საკვებ რაციონში არასასურველი პროდუქტის წილი გაზრდილია. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ჩვენ ვეწევით ცხოვრების ჰიპოდინამიკურ წესს, რის გამოც მიღებული ენერგიის რაოდენობა აღემატება დახარჯულისას და ვითარდება სიმსუქნე.
დიეტოლოგების აზრით, ქართული ტრადიციული სუფრა არ გვიქადის არანაირ საფრთხეს, უბრალოდ, უნდა დავიცვათ ზომიერება. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ის, ვინც პრაქტიკულად არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მაგრამ მისი ოჯახის წევრი არის მსუქანი, ან დიაბეტიანი ან გადატანილი აქვს ინსულტი თუ ინფარქტი, ამ შემთხვევაში იმყოფება რისკ-ჯგუფში. ამიტომ, ნახშირწყლების შემცველი საკვების მიმართ ფრთხილად უნდა იყოთ.
ავტორი